წესდება

  1. ზოგადი დებულებები

1.1. საქართველოს ახალგაზრდული ეკომოძრაობა (შემდგომში ‘საემ’) წარმოადგენს საქართველოს არასამთავრობო, არაკომერციულ, ნებაყოფლობით საწყისებზე შექმნილ, დამოუკიდებელ თვითმართველობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს კერძო პირებს და იურიდიული სტატუსით წარმოადგენს საზოგადოებრივ ორგანიზაციას.
1.2. საემ-ის ძირითადი მიზანია: საქართველოს ახალგაზრდობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა გარემოსდაცვით საქმიანობაში.
1.3. საემ თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობისა და თავისი წესდების შესაბამისად.
1.4. საემ-ის საქმიანობა ხორციელდება თვითანაზღაურების, თვითდაფინანსებისა და თვითმმართველობის პრინციპებზე.
1.5. საემ არის იურიდიული პირი, აქვს საანგარიშსწორება და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, მრგვალი ბეჭედი და სხვა ატრიბუტიკა.
1.6. საემ სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რომელიც გააჩნიათ არასამთავრობო არაკომერციულ არაპოლიტიკურ ორგანიზაციებს საქართველოში, როგორც იურიდიულ პირებს.
1.7. საემ-ს შეუძლია თავისი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები და დაიკისროს ვალდებულებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, საარბიტრაჟო და სამედიატორო სასამართლოებში.
1.8. საემ პასუხს აგებს თავის ვალდებულებებზე მთელი კუთვნილი ქონებით.
1.9. საემ არ აგებს პასუხს სახელმწიფოსა და მისი ორგანოების ვალდებულებებზე. ისევე, როგორც სახელმწიფო და მისი ორგანოები არ აგებენ პასუხს საემ-ის ვალდებულებებზე.

2. საემ-იზ მიზნები და ამოცანები

2.1. საემ-ის ძირითადი მიზნებია:
o ბუნებათმცოდნეობის პოპულარიზაცია; ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდებისა და ადგილობრივი ახალგაზრდული ჯგუფებისა და ორგანიზაციების გამოვლენა და მათი მხარდაჭერა;
o ახალგაზრდების გარემოსდაცვითი განათლება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება;
o გარემოსდაცვითი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობა, მასში ახალგაზრდების დაინტერესებითა და ჩართვით;
o ახალგაზრდების წახალისება, მხარი დაუჭირონდა მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ გარემოსდაცვით საქმიანობასა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
o გარემოსდაცვით საკითხებზე თანამშროლობის განვითარება სამთავრობო უწყებებთან, მასმედიასთან, ბიზნესსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

2.2. საემ თავისი მიზნებიდან გამომდინარე:
o აწყობს სემინარებს, კონფერენციებს, ბანაკებს, სასწავლო კურსებს, საზოგადოებრივ აქციებსა და კამპანიებს;
o აგროვებს, ამუშავებს და ავცელებს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას;
o მონაწილეობს სხვა ორგანიზაციების ღონისძიებებსა და პროექტებში;
o მიმართავს პროტესტისა და ინფორმირების მშვიდობიან ფორმებს.

  1. საემ-ის წევრობა და წევრების უფლება-მოვალეობები

3.1. საემ-ში შეიძლება მიღებული იქნენ მხოლოდ ფიზიკური პირები.
3.2. საემ-ის წევრი შეიძლება გახდეს ფიზიკური პირი, რომელიც სრულად იზიარებს საემ-ის მიზნებს, პრინციპებსა და ღირებულებებს, ეთანხმება მის წესდებას, შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დებულებებს და მზადაა აქტიურად თუ მხარდაჭერის კანონით დაშვებული სხვა ფორმით ჩაერთოს საემ-ის პროექტებში, საზოგადოებრივ კამპანიებსა და ცალკეულ ღონისძიებებში.

3.3. საემ-ის წევრობა ორგვარია:
ა) ნამდვილი (სრულუფლებიანი) წევრობა - 18-დან 30 წლამდე ფიზიკური პირი, რომელიც სხდომებზე სარგებლობს ხმის უფლებით.
ბ) ასოცირებული წევრობა - 14-დან 17 წლამდე ფიზიკური პირი, რომელსაც არ აქვს ხმის უფლება, თუმცა შეუძლია მიწვევით დაესწროს საემ-ის ხელმძღვანელი ორგანოების სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს საემ-ის ღონისძიებებში. ასოცირებული წევრობა ასევე შეუძლია 18-დან 30 წლამდე ფიზიკურ პირსაც, საემ-ის საქმიანობაში აქტიურად ჩართვისა და საემ-ის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის სურვილის არქონის შემთხვევაში.

3.4. საემ-ის წევრებად მიიღებიან მხოლოდ 14-დან 30 წლამდე ფიზიკური პირები, მათი ღირებულებების, ეთიკის, კვალიფიკაციისა და პიროვნული მონაცემების მიხედვით საემ-ის მიზნებთან და ამოცანებთან შესაბამისად.

3.5. საემ-ის წევრად მიღება არ ხდება ავტომატურად. საემ-ის წევრი არ შეიძლება საემ-ში წარმოადგენდეს რომელიმე ორგანიზაციას ან რაიმე სხვა სახის გაერთიანებას.

3.6. საემ-ის წევრობის მსურველი დადგენილი ფორმით წერილობითი ფორმით (განცხადებით) მიმართავს გამგეობას. გამგეობა წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შემოტანიდან სამი (3) თვის განმავლობაში. საემ-ში გაწევრიანების მსურველმა უნდა განახორციელოს გამგეობის მიერ წევრობის მსურველთათვის დადგენილი ქმედებები.

3.7. საემ-ის წევრს უფლებამოსილება ავტომატურად უწყდება:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) საწევროს შენატანის გადახდის დადგენილ ვადაზე თოთხმეტი (14) დღით გადაცილების შემთხვევაში;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში;
დ) მისი გარდაცვალების შემთხვევაში;
ე) როდესაც მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

3.8. საემ-ის წევრი შეიძლება გაირიცხოს საემ-იდან, თუ:
ა) მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება საემ-ის მიზნებს, ლახავს მის რეპუტაციას და სახელს ან უხეშად არღვევს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;
ბ) უხეშად არღვევს საემ-ის ეთიკის კოდექსს, საემ-ის შინაგანაწესსა და საემ-ის ღირებულებებსა და პრინციპებს;
გ) საემ-ის გამგეობის მიერ მისი შეუფერებელი ქცევის გამო გარიცხვის შესახებ გაფრთხილების შემდგომ განმეორებით ჩაიდენს შეუფერებელ საქციელს;
დ) არ დააკმაყოფილებს იმ პირობებს, რომლებიც შეიძლება დამატებით დადგენილ იქნას საერთო კრების ან გამგეობის მიერ.

3.9. საემ-ის წევრის გარიცხვა ხდება საერთო კრების გადაწყვეტილებით გამგეობის რეკომენდაციის საფუძველზე საერთო კრების სხდომაზე დამსწრე ნამდვილ წევრთა ხმის უმრავლესობით.

3.10. გამგეობას საემ-ის წევრს დროებით შეუჩეროს წევრობა, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს, არღვევს საემ-ის წესდებას, საემ-ის შინაგანაწესს ან/და საემ-ის ეთიკის კოდექსს, ლახავს საემ-ის სახელს ან არღვევს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. საერთო კრების სხდომის ჩატარებამდე გამგეობა ვალდებულია გადახედოს ასეთი წევრისთვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილებას, რათა ან აღუდგინოს შეჩერებული წევრობა, ან რეკომენდაცია გაუწიოს საერთო კრებას მისი საემ-იდან გარიცხვის შესახებ.

3.11. სერთო კრების გადაწყვეტილებით ნებისმიერი პიროვნება ასაკის მიუხედავად შეიძლება იქნას არჩეული საემ-ის საპატიო წევრად. საპატიო წევრს არ აქვს ხმის უფლება და არ შეუძლია ჩაერიოს საემ-ის ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

4. საემ-ის უფლებები

4.1.1. ორგანიზაციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად საკუთრებაში იქონიოს შენობა-ნაგებობანი, სატელეფონო, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო და სხვა საშუალებები, აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები;
4.1.2. წარმოადგინოს და დაიცვას თავისი წევრების კანონიერი ინტერესები სახელმწიფო ორგანოებიში.
4.1.3. დადოს ხელშეკრულებები როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ორგანიზაციებთან.
4.1.4. გაერთიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში კოლექტიურ წევრად, იქონიოს პირდაპირი საერთაშორისო კონტაქტები და კავშირურთიერთობანი, დადოს შესაბამისი შეთანხმებები.
4.1.5. ურთიერთხელსაყრელ საწყისებზე ითანამშრომლოს საზღვარგარეთის სხვადასხვა ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან.
4.1.6. მონაწილეობა მიიღოს სხვა ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ღონისძიებებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
4.1.7. დადგენილი წესით ეწეოდეს საგამომცემლო საქმიანობას, გააჩნდეს პერიოდული ბეჭდვითი ორგანო.
4.1.8. იჯარით აიღოს ქონება სახელმწიფო და კომერციული ორგანიზაციებიდან.
4.1.9. გააჩუქოს, გაასხვისოს ან გაყიდოს თავისი კუთვნილი ქონება.
4.1.10. გამოვიდეს კომერციული ორგანიზაციების დამფუძნებლად ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ერთად.
4.1.11. განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მოქმედ კანონმდებლობას და ამ წესდებას.

  1. საემ-ის სტრუქტურა და ხელმძღვანელი ორგანოები

5.1. საემ-ის ხელმძღვანელი ორგანოებია:
ა) საერთო კრება
ბ) გამგეობა

5.2. საემ-ის საკონსულტაციო ორგანოებია:
ა) სარევიზიო კომისია
ბ) მენტორთა საბჭო

5.3. საერთო კრება
5.3.1. საერთო კრება წამოადგენს საემ-ის უმაღლეს ხელმძღვანელ ორგანოს და შედგება საემ-ის წევრებისგან.
5.3.2. საერთო კრების სხდომა მოიწვევა წელიწადში ერთხელ და იმართება ელექტრონულად (ონლაინ). საერთო კრების რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნას გამგეობის მიერ ან წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.
5.3.3. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრების არანაკლებ 1/2 და საკითხი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საერთო კრების დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობა.
5.3.4. საერთო კრება:
o განსაზღვრავს საემ-ის უმნიშვნელოვანესი ამოცანების გადაწყვეტას მიმართულებებისა და ფორმებს;
o იღებს წევრების ან გამგეობის მიერ შემოთავაზებულ რეზოლუციებს;
o ირჩევს საემ-iის გამგეობას, სარევიზიო კომისიას, მოისმენს და ამტკიცებს მათ ანგარიშებს;
o განიხილავს და იღებს გამგეობის მიერ წარდგენილ წლიურ მოხსენებას და ფინანსურ ანგარიშს;
o გამგეობის მიერ საემ-ის სახსრების ხარჯვისა და განკარგვის კონტროლის მიზნით ირჩევს სარევიზიო კომისიას და ისმენს მის ანგარიშს;
o განიხილავს და ამტკიცებს საემ-ის შემდეგი წლის ბიუჯეტს;
o საჭიროების შემთხვევაში შეაქვს ცვლილებები და დამატებები საემ-ის წესდებაში, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებს მარეგისტრირებელ ორგანოს;
o გამგეობის რეკომენდაციით ადგენს წლიური საწევრო შენატანის ოდენობას:
o საემ-ის წინაშე გამოჩენილი დამსახურებითვის გამგეობის რეკომენდაციით საემ-ის ყოფილ წევრებს ანიჭებს საპატიო წევრის სტატუსს.
o გამგეობის რეკომენდაციით მხოლოდ საპატიო წევრებისგან აკომპლექტებს მენტორთა საბჭოს, ამტკიცებს მის დებულებას და იღებს მისგან რჩევებსა და რეკომენდაციებს.
o წყვეტს საემ-ის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

5.4. გამგეობა

5.4.1. გამგეობა წარმოადგენს საემ-ის მმართველ ორგანოს, რომელიც აირჩევა საერთო კრების მიერ ერთი წლის ვადით და შედგება 5 წევრისგან:
ა) პრეზიდენტი
ბ) ვიცე-პრეზიდენტი
გ) საინფორმაციო კოორდინატორი
დ) საორგანიზაიო კოორდნატორი
ე) ხაზინადარი

5.4.2. გამგეობა:
o წარმართავს საემ-ის საქმიანობას საერთო კრების სხდომებს შორის;
o წარმოადგენს საემ-ს და ახორციელებს საერთო კრების გადაწყვეტილებებს;
o განკარგავს საემ-ის თანხებს და ქონებას;
o იწვევს, ნიშნავს და კურირებს ხელფასიან თანამშრომლებს;
o იწვევს საერთო კრებას და ადგენს დღის წესრიგის მონახაზს წევრთა მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც შეესაბამება წესდებას;
o ამზადებს ბიუჯეტის პროექტს შემდეგი ფინანსური წლისათვის და დასამტკიცებლად წარუდგენს საერთო კრებას;
o ასრულებს სხვა ფუნქციებს, რომელბიც შეიძლება დააკისროს საერთო კრებამ;
o აძლევს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საერთო კრებას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით;
o საერთო კრებას წარუდგებს ანგარიშს საემ-ის მიერ წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ.

6. საემ-ის სახსრები

6.1. საემ-ის სახსრებს ქმნის: საწევრო გადასახადი, სპონსორთა შემოწირულობები, კერძო პირთა და ორგანიზაციათა შემოწირულობები, დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული გრანტები, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები და კანონით ნებადართული სხვა შემოსავლები.
6.2. საემ-ის ფულადი სახსრები ხმარდება მხოლოდ მისი საწესდებო ამოცანების განხორციელებას და გამოიყენება იმ ხარჯთაღრიცხვით, რომელიც მტკიცდება ფორუმის მიერ.
6.3. საემ-ის სახსრებს განაგებს გამგეობა ბიუჯეტის მიხედვით, რომელსაც ამტკიცებს სერთო კრება და ამოწმებს სარევიზიო კომისია.
6.4. საემ სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას ახდენს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7. საემ-ის საქმიანობის შეწყვეტა

7.1. საემ საქმიანობის შეწყვეტა შესაძლებელია მოხდეს რეოგრანიზაციის, შერწყმის, შეერთების, გაყოფის ან ლიკვიდაციის გზით.

7.2. რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება:

  1. ა) საემ-ის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ ამას ხმა მისცა საერთო კრების სხდომაში მონაწილე წევრთა 2/3-ზე მეტმა.
  2. ბ) თუ საემ სისტემატურად არღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე დადგენილებით.

7.3. ლიკვიდაცია ხორციელდება შემდეგი წესით: საერთო კრება ქმნის სალიკვიდაციო კომისიას, რომლის განკარგულებაშიც გადადის საემ-ის ქონება და ფულადი სახსრები, რომელიც ნაწილდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7.4. საემ კარგავს პირის უფლებებს მისი ლიკვიდაციის რეგისტრირების დღიდან შესაბამის სახელმწიფო ორგანოში.

7.5. ცნობა საემ-ის ლიკვიდაციის შესახებ ქვეყნდება პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში.