შინაგანაწესი
- შინაგანაწესის დანიშნულება და კომპეტენციის სფერო
1.1. საქართველოს ახალგაზრდული ეკომოძრაობის (შემდგომში საემ) შინაგანაწესის მიზანია მოაწესრიგოს საემ-ის შიდა ურთიერთობები საემ-ის გამგეობისა და მის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმისწარმოების, საემ-ის ნამდვილ წევრებისა და ასოცირებული წევრების ურთიერთობისთვის საემ-ის ხელმძღვანელ ორგანოებთან და ერთმანეთთან.
1.2. საემ-ის ყველა ნამდვილი წევრი, ასოცირებული წევრი, საემ-ის გამგეობა, სამუშაო ჯგუფების კოორდინატორები, საემ-ის პროექტების ხელფასიანი შტატი და მოხალისეები ვალდებული არიან ზედმიწევნით კარგად იცნობდნენ და სრულად შეასრულონ ამ შინაგანაწესით განსაზღვრული პირობები.
2. გამგეობის წევრთა მოვალეობანი
2.1. გამგეობის თითოეული წევრი ვალდებულია აქტიური მონაწილეობა მიიღოს საემ-ის მართვის პროცესში მისი უფლებამოსილების მთელი პერიოდის განმავლობაში.
2.2. გამგეობის სხდომაში მონაწილეობა გამგეობის წევრის ვალდებულებაა. თუ გამგეობის წევრი ვერ ახერხებს გამგეობის მიმდინარე ან საგანგებო სხდომაზე დასწრებას, მას შეუძლია ხმის მიცემის უფლება გადასცეს გამგეობის ერთ–ერთ წევრს. ასეთ შემთხვევაში მან სხდომამდე მინიმუმ 1 დღით ადრე წერილობით უნდა აცნობოს საემ-ის პრეზიდენტს, თუ რომელ წევრს აღჭურვავს საკუთარი ხმის უფლებით გამგეობის სხდომაზე.
2.3. იმ შემთხვევაში, თუ გამგეობის წევრი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ ახერხებს ასოციაციის გამგეობის საქმიანობაში მონაწილეობას, მან გამგეობის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობით უნდა მიმართოს გამგეობას უახლოეს სხდომამდე მინიმუმ 14 დღით ადრე.
2.4. გამგეობის წევრს გამგეობიდან საკუთარი სურვილით გასვლის შემთხვევაში არ აქვს ვალდებულება, გააკეთოს ახსნა–განმარტება გასვლის მიზეზების შესახებ.
2.5. გამგეობის წევრებს ეკრძალებათ საემ-ის სახელის, რესურსების და საშუალებების პირადი საჭიროებისთვის გამოყენება. ასეთის არსებობის შემთხვევაში გამგეობის წევრს შესაძლოა შეუწყდეს უფლებამოსილება საემ-ის შინაგანაწესის უხეში დარღვევის გამო.
2.6. გამგეობის წევრები არ იღებენ ანაზღაურებას საემ-ის გაწეული სამუშაოსთვის, თუმცა გამგეობას შეუძლია მიზანშეწონილობიდან გამომდინარე აანაზღაუროს გამგეობის წევრის, რეგიონული ან დარგობრივი კოორდინატორის კომუნიკაციის, ტრანსპორტის, კვებისა და სასტუმროს ხარჯი საემ-ისთვის განსაზღვრული სამუშაოს შესრულებისას.
- პრეზიდენტის მოვალეობანი
3.1. საემ-ის პრეზიდენტი ზედმიწევნით და კეთილსინდისიერად ასრულებს გამგეობის გადაწყვეტილებებს, ახდენს გამგეობის ინფორმირებას ასოციაციის მიმდინარე საქმიანობის შესახებ, განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობას მიმდინარე გადაწყვეტილებების პროექტს, ანგარიშს საემ-ის სამოქმედო გეგმისა და ოპერაციული ბიუჯეტის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ.
3.2. საემ-ის პრეზიდენტი დროულად ახდენს საემ-ის ნამდვილი წევრების ინფორმირებას საემ-ის გამგეობის გადაწყვეტილებების შესახებ. ამისთვის 5 სამუშაო დღის განმავლობაში ის შესაბამისად აწვდის ინფორმაციას საემ-ის ნამდვილ წევრებს.
3.3. საემ-ის პრეზიდენტი დროულად და რეგულარულად აწვდის წევრებს ინფორმაციას ქვეყანაში და საზღვარგარეთ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე სხვა საჭირო ინფორმაციას, რათა საემ-ის წევრებმა დროულად შეძლონ, მოახდინონ გამგეობის ინფორმირება ამა თუ იმ ღონისძიებაში მონაწილეობით მათი დაინტერესების შესახებ.
3.4. საემ-ის პრეზიდენტი გამგეობას წარუდგენს საემ-ის აქტიური წევრების სიას, რომელთაც უნდა მიენიჭოთ პრიორიტეტი მათი საინფორმაციო, რესურსული თუ ტრენინგით მხარდაჭერის შესახებ.
3.5. საემ-ის პრეზიდენტს ეკრძალება ასოციაციის სახელის, რესურსების და საშუალებების პირადი საჭიროებისთვის გამოყენება. ასეთის არსებობის შემთხვევაში გამგეობა უფლებამოსილია შინაგანაწესის უხეში დარღვევის გამო დაუყოვნებლივ შეუჩეროს მას უფლებამოსილება და მიმართოს საერთო კრებას რეკომენდაციით მისი გადარჩევის შესახებ.
4. ნამდვილი წევრის მოვალეობანი
4.1. ნამდვილი წევრი ვალდებულია კეთილსინდისიერად დაიცვას საემ-ის შინაგანაწესი, მონაწილეობა მიიღოს საემ-ის საერთო კრებაში და სხვა მიმდინარე ღონისძიებებში, მიაწოდოს წინადადებები, რჩევები და შენიშვნები გამგეობას საემ-ის საქმიანობის გაუმჯობესებისთვის.
4.2. ნამდვილი წევრი ვალდებულია კეთილსინდისიერად, სრულყოფილად და ხარისხიანად გაიაროს საემ-ის სასწავლო კურსები და პროგრამები. ნამდვილ წევრს კატეგორიულად ეკრძალება საემ-ის დაფინანსებით თუ თანადაფინანსებით მოწყობილი სასწავლო კურსის შეწყვეტა საპატიო მიზეზის გარეშე. ნამდვილი წევრი ვალდებულია დაგეგმილ სასწავლო კურსში არმონაწილეობის შესახებ სულ მცირე 48 საათით ადრე გააფრთხილოს კურსის დაფინანსებასა თუ თანადაფინანზებაზე პასუხისმგებელი პირი. სასწავლო კურსზე არგამოცხადების თუ მისი მსვლელობის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში ნამდვილი წევრი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს სასწავლო კურსის ღირებულება. სასწავლო კურსის საპატიო მიზეზის გარეშე შეწყვეტის ან არგამოცხადების შემთხვევაში პრეზიდენტი ვალდებულია, დარღვევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გამგეობას; ხოლო გამგეობა თავის მხრივ ვალდებულია საემ-ის შინაგანაწესის დარღვევის გამო ნამდვილ წევრს საერთო კრების უახლოეს სხდომამდე შეუჩეროს წევრობა და რეკომენდაცია გაუწიოს საერთო კრებას, მისი გარიცხვის შესახებ საემ-ის წესდების შესაბამისად.
4.3. ნამდვილ წევრს ეკრძალება საემ-ის სახელის, რესურსების და საშუალებების პირადი საჭიროებისთვის გამოყენება. ასეთის არსებობის შემთხვევაში გამგეობას შეუძლია საემ-ის შინაგანაწესის უხეში დარღვევის გამო მას საერთო კრების უახლოეს სხდომამდე შეუჩეროს წევრობა, რეკომენდაცია გაუწიოს საერთო კრებას, წევრის გარიცხვის შესახებ საემ-ის წესდების 3.8. და 3.9. მუხლების შესაბამისად.
4.4. ნამდვილი წევრი ვალდებულია დროულად გადაიხადოს საწევრო გადასახადი. საწევრო გადასახადის გადახდის 14 დღით დაგვიანების შემთხვევაში პრეზიდენტი გამგეობას აცნობებს წესდების 3.7. მუხლის შესაბამისად წევრობის ავტომატურად შეწყვეტის შესახებ.
- ასოცირებული წევრის მოვალეობანი
5.1. ასოცირებული წევრი ვალდებულია დაიცვას საემ-ის შინაგანაწესი, შეუძლია ხმის უფლების გარეშე მონაწილეობა მიიღოს საემ-ის საერთო კრებაში და სხვა მიმდინარე ღონისძიებებში, მიაწოდოს წინადადებები, რჩევები და შენიშვნები გამგეობას საემ-ის საქმიანობის გაუმჯობესებისთვის.
5.2. ასოცირებულ წევრს ეკრძალება ასოციაციის სახელის, რესურსების და საშუალებების პირადი საჭიროებისთვის გამოყენება. ასეთის არსებობის შემთხვევაში გამგეობას შეუძლია ასოციაციის შინაგანაწესის უხეში დარღვევის გამო მას საერთო კრების უახლოეს სხდომამდე შეუჩეროს წევრობა, რეკომენდაცია გაუწიოს საერთო კრებას, წევრის გარიცხვის შესახებ საემ-ის წესდების 3.8 და 3.9. მუხლების შესაბამისად.
5.3. ასოცირებული წევრი ვალდებულია დროულად გადაიხადოს საწევრო გადასახადი. საწევრო გადასახადის გადახდის 14 დღეზე მეტით დაგვიანების შემთხვევაში აღმასრულებელი მდივანი გამგეობას აცნობებს წესდების 3.7 მუხლის შესაბამისად წევრობის ავტომატურად შეწყვეტის შესახებ.
6. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
6.1. საემ-ის წევრები, გამგეობა და თანამშრომლები ყოველნაირად ზრუნავენ საემ-ისა და მისი თითოეული წევრის პასუხისმგებლობის შეზღუდვაზე, რისთვისაც საჭიროების შესაბამისად ისინი წერილობით თუ სიტყვიერად მომხმარებლებსა და პარტნიორებს წინასწარ აძლევენ იფნორმაციას არსებულ მდგომარეობაზე და აფრთხილებენ მოსალოდნელი საფრთხეებისა თუ პრობლემების შესახებ.
7. კონფიდენციალურობის დაცვა
7.1. საემ-ში მოქმედებს კონფიდენციალურობისა და შიდა ინფორმაციის დაცვის პრინციპი. საემ-ის ყველა წევრი, გამგეობა, პრეზიდენტი და დაქირავებული თანამშრომელი ვალდებულია ზედმიწევნით, სრულად და კეთილსინდისიერად დაიცვას კონფიდენციალურობა ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოების მიერ დადგენილ საკითხებზე და ინფორმაციაზე, რომლის გაცხადებაც ზიანს მიაყენებს მთლიანად საემ-ის, მისი თითოეული წევრის, პარტნიორის თუ მესამე მხარის ინტერესებს.
7.2. კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა ჩაითვლება შინაგანაწესის უხეშ დარღვევად. ასეთი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გამგეობა უახლოეს სხდომაზე საერთო კრებისთვის იღებს რეკომენდაციას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და მიმართავს საერთო კრებას საემ-ის წესდების შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
- კოლეგიალობა
8.1. საემ-ის ყველა წევრი ვალდებულებას იღებს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდება თავის საქმიანობას, თავს შეიკავებს საემ-ის წევრებთან ან სხვა კოლეგებთან დაპირისპირებისგან, იზრუნებს მათ მხარდაჭერაზე და მიიღებს ანალოგიურ მხარდაჭერას საემ-ის კოლეგიალობისა და თანამშრომლობის პრინციპებიდან გამომდინარე.
8.2. კოლეგიალობის პრინციპის დარღვევა ჩაითვლება ამ შინაგანაწესის უხეშ დარღვევად. ასეთი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გამგეობა უახლოეს სხდომაზე იღებს რეკომენდაციას და საერთო სხდომას მიმართავს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. საერთო კრება გამგეობის რეკომენდაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საემ-ის წესდების 3.8. და 3.9 მუხლების შესაბამისად.
9. კანონმორჩილება
9.1. საემ-ის ყველა წევრი, გამგეობა, აღმასრულებელი მდივანი ვალდებულებას იღებენ, რომ კანონის სრული დაცვით, პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერად განახორციელებენ თავიანთ საქმიანობას, თავს შეიკავებენ ნებისმიერი მოქმედებისგან თუ საქმიანობისგან, რამაც კანონის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს.
9.2. საემ-ის ყველა წევრს, გამგეობას, სამუშაო ჯგუფებისა და კომიტეტების წევრებს, დაქირავებულ თანამშრომლებსა და მოხალისეებს ეკრძალებათ ღია კონფლიქტში შესვლა ნებისმიერ პირთან, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი საემ-ის წევრები. აგრეთვე, კატეგორიულად დაუშვებელია ნებისმიერი სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, თუ ასოციაციისთვის შეუფერებელი სხვა საქციელი, რაც კანონმორჩილების პრინციპის, საემ-ის ეთიკის კოდექსის, საემ-ის წესდების, ეთიკის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და კანონის აშკარა და უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
9.3. კანონმორჩილების პრინციპის დარღვევა ჩაითვლება ამ შინაგანაწესის უხეშ დარღვევად. ასეთი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გამგეობა უახლოეს სხდომაზე: იღებს რეკომენდაციას უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე და მიმართავს საერთო კრებას შესაბამისი გადაწყვეტილებისთვის გარიცხვის თაობაზე საემ-ის წესდების 3.8. მუხლის შესაბამისად.
- წევრებისთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა
10.1. საემ-ის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი უზრუნველყოფენ გამგეობის გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ მიწოდებას საემ-ის ნამდვილი წევრებისთვის. ამ მიზნით პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი ახდენენ სხდომების ოქმების და სხვა ჩანაწერების არქივირებას და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდან ნამდვილ წევრებს ელექტრონული ფორმით.
10.2. გამგეობის გადაწყვეტილების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის გამოთხოვისთვის ნამდვილი წევრი წერილობით მიმართავს გამგეობას, ხოლო წერილობით დოკუმენტს გადასცემს პრეზიდენტი ან ვიცეპრეზიდენტი დოკუმენტების რეგისტრირებისთვის და შემდგომში გამგეობისთვის წარსადგენად.
10.3. საემ-ის ნამდვილი წევრი, რომელიც გამოითხოვს ინფორმაციას, წერილობით ადასტურებს, რომ უზრუნველყოფს ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვას ასეთის არსებობის შემთხვევაში.
11. წევრების საჭიროებათა და საჩივრების განხილვა
11.1. საემ-ის პრეზიდენტი უზრუნველყოფს წევრთა მიმდინარე საჭიროებათა შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდებას გამგეობის წევრებისთვის.
11.2. საემ-ის წევრი, საჭიროებათა თუ საჩივრის არსებობის შესახებ წერილობითი ფორმით მიმართავს გამგეობას, ხოლო წერილობით დოკუმენტს გადასცემს აღმასრულებელ მდივანს დოკუმენტების რეგისტრირებისთვის და შემდგომში გამგეობისთვის წარსადგენად.
11.3. საემ-ის პრეზიდენტი ვალდებულია ასოციაციის წევრისგან წერილობით მიღებული წინადადების, თხოვნისა თუ საჩივრის შესახებ ინფორმაცია 3 სამუშაო დღის განმავლობაში მიაწოდოს გამგეობას.
11.4. საემ-ის გამგეობა ვალდებულია წევრისაგან მიღებულ წინადადებაზე, თხოვნასა თუ საჩივარზე იმსჯელოს გამგეობის უახლოეს სხდომაზე, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და პრეზიდენტს დაავალოს გადაწყვეტილების შესახებ წევრის წერილობით ინფორმირება.
12. შინაგანაწესის ძალაში შესვლა და ძალის დაკარგვა
12.1. შინაგანაწესი ძალაში შედის მხოლოდ დადგენილი წესით საემ-ის საერთო კრების გადაწყვეტილებით.
12.2. შინაგანაწესის საჯაროობის სათანადო უზრუნველყოფისთვის სემ-ის საერთო კრების მიერ შინაგანაწესის ტექსტის მიღებისთანავე საყოველთაო გაცნობისათვის ხელმისაწვდომია ყველა წევრისთვის ქართულ ენაზე. საჭიროების შემთხვევაში წევრებს შეუძლიათ მოითხოვონ შინაგანაწესის ტექსტის თარგმანი მათთვის სასურველ ენაზე.
12.3. შინაგანაწესი ძალას კარგავს, თუ ამის შესახებ პირდაპირ უთითებს ახალი შინაგანაწესი, ან ძველი ეწინააღმდეგება ახალს; ანდა, თუ აღარ არსებობს ის ურთიერთობა, რომელსაც აწესრიგებს შინაგანაწესი.